უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა
„ბეთლემო, იხარებდ, რამეთუ ხე იგი ცხოვრებისაი
შენს შორის აღმოცენდა დღეს" (საშობაო საგალობელი)
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო! ადამსა და ევას, სამოთხიდან განდევნის შემდეგ, შემოქმედმა აღუთქვა, რომ კაცთა მოდგმას მაცხოვარს მოუვლენდა და ეს აღთქმა მან სხვა და სხვა დროსაც რამდენჯერმე გაიმეორა. ებრაელთა ერი მოთმინებით ელოდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულებას და აი, ახდა მამამთავარ იაკობის ნათქვამი: „არ წაერთმევა კვერთხი იუდას, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა" (დაბ. 49,10). რომის იმპერიის ნაწილად ქცეულ იუდეაში, იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს, მმართველად დაინიშნა წარმოშობით იდუმიელი ჰეროდე, რომელსაც ხალხი ტირანად და დავითის ტახტის უზურპატორად მიიჩნევდა. სწორედ ჰეროდეს მეფობის პერიოდში დავითის ქალაქ ბეთლემში მწირ, მიტოვებულ გამოქვაბულში, ბაგასა შინა იშვა მხსნელი სოფლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აღსრულდა მიქიას წინასწარმეტყველებაც: „შენ კი ეფრათის ბეთლემო, უმცირეს ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამოვა ხელწიფე ისრაელში და ძველთაგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან" (მიქ. 5,1). როგორი უბრალოებითა და სიმდაბლითაც მოევლინა მაცხოვარი ამ ქვეყანას, მისი შობა პირველთ ასეთივე მადლის მქონე ადამიანებს ეუწყათ. არა საზოგადოების რჩეულნი - მწიგნობარნი, ფარისეველნი ან უხუცესნი, არამედ უბრალო მწყემსები გახდნენ ღირსნი, მოესმინათ ანგელოზთა საოცარი საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" და პირველებს ეხილათ ზეციური ყრმა.