შენ ხარ ქართველი
შენ ხარ ქართველი და ეს ვალია. შენი სამშობლო წარუვალია ეს შენი ენა – სხვაზე ძველია. შენ ხარ ქართველი და ეს ძნელია.
არ გვახსოვს როდის ვიწყეთ სიმღერა. ზეცისკენ როდის აღვმართეთ მზერა. არ გვახსოვს როდის ვიწყეთ შენება არ გვიწერია გადაშენება.
ცოტა ვართ როგორც სოფლის მარილი მრავალ ჭირნახულ გადატანილი. უფლის კვართივით ერთი მთლიანი რწმენა დავიცვათ ვართ ქრისტიანნი. არ გვახსოვს როდის ვიწყეთ შენება არ გვიწერია გადაშენება. ================================ ნუ დაივიწყებ, შენი ვალია!
ნუ დაივიწყებ წინაპრის ადათს, ნუ დაივიწყებ გმირობას ათასს. რაც დღემდე შენთვის სისხლი დაღვრილა სულ არ მოვსულვარ დღემდე ადვილად.
ჩვენამდე, დღემდე, ჯაჭვია გრძელი, გზა ეკლიანი, ვიწრო და ძნელი. შენამდე ცხრა ძმა ხერხეულიძე, სამასი გმირი არაგველია.
მეფე დავითი, მეფე თამარი და ეს გზა ისევ გასავლელია. ნუ დასრულდება წარსული შენზე, ხავსს ნუ მოადებ მშობლიურ ეზოს რათა შენს შვილებს და შენს მომავალს წინაპრის სახე სანთლებად ენთოს.
ღმერთივით ერთი სწამდეთ სამშობლო და თავს სწირავდნენ ენას და რწმენას გადასახლებულთ ქართული მიწა ხატად ექცათ და გულზე ესვენათ.
ნებით, ქართველი არ თმობს სამშობლოს, განა ადვილი დასათმობია? ძალით არასდროს, წინაპრის კერა განა ადვილი ჩასაქრობია?
განა სამთავროს, ბაგრატს და გელათს, ცამდე აზიდულ ძველ სვეტიცხოველს, შოთას და ვაჟას და მშობელ დედას რის ფასად დათმობ – გაიუცხოვებ.
მძლავრი მდინარის ჩქეფების დარად შენს სისხლში მაინც იჩქეფებს მარად და სანამ ცამდე არ გაბრწყინდება შენი სამშობლო სამოთხის დარი სანამ სიცოცხლე არ მოგწყინდება მოსახდელი გაქვს იცოდე ვალი.
========================== მახარობელი
წუხელის ბიჭი დაბადებულა, გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით, ისეთი ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე დავითი. წუხელის ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ იმისთვის ცოტნე, შენ -ორგულობავ, აბა, გაბედე და გული ჩვენი ისევე კორტნე. წუხელის შოთაც დაბადებულა, დაბადებულა თურმე დემეტრე, განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის რა სიხარული გამოიმეტე. წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო ყველა გმირმა და თავდადებულმა; დაბადებულა თურმე ვახტანგი, წუხელ თევდორე დაბადებულა. საქართველოს ცა ისეც მაღალი უფრორე მეტად ამაღლებულა, დაბადებულა მთვარე- გიორგი, თურმე ილია დაბადებულა. წუხელის მტერი _ ერთპირად ჩვენი მოსპობის მდომი -დადარდებულა, დაბადებულა თურმე სულხანი, გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა. დაბადებულა ბიჭი პაატა, გათენებულა წუხელის თეთრად: დაბადებულა სამასი გმირი, ვით დაიხოცნენ, ისევე ერთად.
წუხელის გოგოც დაბადებულა, ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი, ისეთი გოგო დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე თამარი! დაბადებულა წუხელის ნინო და ქეთევანი დაბადებულა. ის ბნელი ღამე თურმე უეცრად ღვთიურის ნათლით განათებულა. ყველა ზღაპარი - ნაოცნებარი ახდენილა და გამართლებულა. დაბადებულა თურმე ნესტანი და თინათინი დაბადებულა. და გიხაროდენ, ქართველთა შორის ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა და ერთიანი, ნანატრი დროის, ქართლი ხელახლა დაბადებულა...
================================= * * *
შენი სამშობლო, მედგრად მავალი, დაუღალავი, შეუპოვარი დღეს შენ შეგყურებს, ელის, როგორი გამოადგები შენ მეომარი. მტრები ბევრი ჰყავს, გარდა უფლისა არა ჰყოლია მას მეგობარი.
უქმად ნუ გალევ ცხოვრებას შენსას არ მოვლენილხარ ქვეყნად ამაოდ ჯაჭვში ჩაები, შენი სამშობლო ულევ მტრებისგან შემოაკავა.
რეკენ ზარები განთიადისას ყველა მათგანი ძველ გზებზე გვიხმობს, რადგან ღმერთივით გზა ეკლიანი, შენი სამშობლო დღეგრძელი იყოს.
როცა მის გვერდით, მის მხარში დგეხარ, შენ ხარ ნაწილი ამ უკვდავების, შენი შვილებით, შენი მომავლით უწყვეტ ფერხულში თუკი ჩაები.
=========================
რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე? ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს. რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან, შენ გეკითხები, ცაო ნათელო, ამ უხეირო ლექსების გარდა რას გავუკეთებ მე საქართველოს?! რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან, თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო, ამ უხეირო ლექსების გარდა დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო? რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე, _ ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს!
ლადო ასათიანი
=============================
ქართვლის დედას
ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა; დედის ნანასთან ქვითინი მთისა მას უმზადებდა მომავალ გმირსა... გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა, კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა, სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა, თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა. მითხარ, - სადღაა მამა-პაპური მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური, სახელისათვის ამაყი თრთოლა, მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა? მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარხულა, რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა; მოვიკლათ წარსულს დროებზედ დარდი... ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს... აქ არის, დედავ, შენი მაღალი დანიშნულება და საღმრთო ვალი! აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს, საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას, _ შთააგონებდე კაცთა სიყვარულს, ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, _ რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს... მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს, და მოგცემს ნაყოფს, ვით კაცი, კაცურს. დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება; ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება, უკან რჩეს კვალი განათლებული.
ილია ჭავჭავაძე
ელეგია
მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა და თეთრი ზოლი შორის მთებისა ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.
არსაიდან ხმა, არსით ძახილი!.. მშობელი შობილს არრას მეტყოდა, ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!
ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება... ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!
ილია ჭავჭავაძე
ერთადერთო
შენ, ერთადერთო ჩემო მამულო, სულ შენგანა მაქვს, რაიმე თუ მაქვს. მომეცი ნება, რომ ვიხმაურო, როგორც ბალახის ფესვებმა, ჩუმად. მომეცი ნება, მკერდზე დახლილი ქარები შენზე ზრუნვით დავღალო და ჩემი სულის უხმო ძახილით სულ გავაყრუო მთელი სამყარო. შენ, ერთადერთო ჩემო მამულო, ცაო მაღალო, მზეო ნათელო, ღვთაებრივ სხივთა ქსელში გაბმულო ყველაზე დიდო დღევ _ საქართველო, მე ლოცვას ისევ ვიწყებ თავიდან, ეს სული შენი დაგეშილია: ისე დიადი და უკვდავი ხარ, რომ სიკვდილისაც არ მეშინია!
არჩილ სულაკაური
==============================
ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები, მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები, და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.
ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი, გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი, საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის. სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, _ საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.
ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით, მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები, ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის, ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, _ საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.
სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა, ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ _ სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან, საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.
სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, _ საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.
შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები, აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით: თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები, ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ედემი!
ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი, გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი, საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი, საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.
ლადო ასათიანი
===================================
დედაო ღვთისავ! შენი ხვედრია ეს საქართველო დიდჭირნახული, შეუნდევ ცოდვა!.. ნუ ააღებ ხელს, ლმობიერებით იბრუნე გული!.. მოეც კურთხევა ზეცით, მაღალო, და გადმოსახე ძლიერად ჯვარი, რომ აღადგინო ქართველთა ერი, დღეს დაცემული და ცოცხალ-მკვდარი! მისსა მხნეობას, მისსა ზნეობას განუმტკიცებდე აღმაფრენასა და შენს საქებრად, სადიდებელად ნუ დაივიწყებ იმ ტკბილ ენასა, რომლითაც თამარ ბრძანებას სცემდა, ქეთევან მარად შენ გადიდებდა და ნინო ძისა შენისა მცნებას შენგან რჩეულ ერს უქადაგებდა!.."
აკაკი წერეთელი
ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?.. აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია, თუმცა ძველნი დაგვშორდნენ, ახალნი ხომ შენია... მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია,
ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ, ნაზარდნი, გულმტკიცები, მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები, არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები.
მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია, ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა, მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...
ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა! მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია, ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ რად მოგიწყენია?
ილია ჭავჭავაძე
ნაწყვეტები პოემიდან "თორნიკე ერისთავი"
ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები? ვინ მოგვითხრას მათი საქმე უთვალავი, საგმირონი, და ან მათზე გადმოსული მადლი ღვთისა და მირონი? ნაშთი ძველის დიდებისა არ გამქრალა ჯერაც ყველა... დღესაც მისის შარავანდით ნიშანს გვაძლევს ცისარტყელა!.. შვიდ სამთავროს მოგვაგონებს მოელვარე ის შვიდფერი და გვიმღერებს: "არ მომკვდარა, გაიღვიძებს ისევ ერი!" ამ იმედით ფრთა შესხმული ჩვენი გული სიამით ძგერს და ოცნებაც ლაჟვარდ ფერად წარმოგვიდგენს ქართლისა ერს. წარსულ-ნერგზედ ახალ-ნამყნის ველოდებით შეხორცებას! მით ვიქარვებთ აწმყო ნაღველს და ვეძლევით აღტაცებას.
|