http://www.fundpatriarch.ge/ ფონდი დაფუძნდა 2005 წლის 8 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში, როდესაც წმინდა ეკლესია და სრულიად საქართველო საზეიმოდ აღნიშნავდა წმ. დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.
მისმა უწმინდესობამ ამ დღესთან დაკავშირებით საგანგებოდ აღნიშნა: ,,დღეს არის განსაკუთრებული, ისტორიული დღე. დღეს ფუძნდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოსათვის. ეს იქნება ის ფონდი, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი რელიგიური და ეროვნული კუთვნილებისა. ეს იქნება ის ფონდი, რომელიც ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა განამტკიცოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნება; ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ ვიყავით, ვინა ვართ, და ვინ უნდა ვიყოთ...
ეს ფონდი იზრუნებს არა მარტო სულიერების განმტკიცებისთვის, არამედ კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარებისთვის, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისათვის. ამიტომ ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო კავშირი ჩვენს მეცნიერებათა აკადემიასთან, ჩვენს უნივერსიტეტებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მეცნიერებს დავეხმაროთ; მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნება განმტკიცდეს ჩვენში."